კურორტ „ბახმაროში“, 19 აგვისტოს, სახალხო დღესასწაული გაიმართება, რომლისთვისაც მზადება აქტიურად მიმდინარეობს.
ღონისძიების დეტალები დღეს გურიის გუბერნატორთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად გაიარეს. ტრადიციული დოღი, რომლის ჩატარებას კომპანია წყალი მარგებელი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს 1 საათზე დაიწყება.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები ბახმაროსთვის დამახასიათებელ კულტურულ თავისებურებებს გაეცნობიან. დოღის დაწყებამდე გაიმართება საზეიმო სვლა. კომპანია „წყალი მარგებელი“ მონაწილეებსა და სტუმრებს საინტერესო სანახაობასა და უამრავ სიურპრიზს ჰპირდება. კომპანიამ დოღში მონაწილეებისთვის სოლიდური პრიზებიც დააწესა.
ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე, ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებს მონაწილეობას. ასევე, იმართება სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებიც.
აღნიშნული ღონისძიებების დასრულების შემდეგ კი, 17 საათზე, მზის ჩასავალ გორაზე დაიწყება პირველი მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ტარდება check in georgia – სა და ევროკავშირის პროექტის, “მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთის” ფარგლებში. #checkingeorgia ღონისძიების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია Post _ ალიონი და მედიასახლი „გურია ნიუსი“. გენერალური სპონსორი კი „წყალი მარგებელი“.
ფესტივალში მონაწილეობენ მუსიკალური ჯგუფები: KILLAGES, არა, MEBO RENARD, ბაჩო ჯიქიძე & ალბანელი შამანები, George Merych, Leif S, ლურჯი იალქანი. დიჯეები: SUMO, WCAN და ანი ANI. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს სიურპრიზიც ელოდებათ _ მსმენელისთვის ყველაზე ცნობილი გურული DJ დაუკრავს. ბახმაროს პირველის მუსიკალური ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია „კლიპ არტი“.