ლატვიის პრეზიდენტს სოფელ ხურვალეთში ვაჩვენეთ ის ისტორიული უსამართლობა, რომელიც აუცილებლად დაიძლევა ძლიერი ევროპული საქართველოს და ქართველი ხალხის გამთლიანების ემოციით

29/03/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი დღეს სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ, სადაც ადმინისტრაციული სასაზღვრო პუნქტი და ადგილობრივი მოსახლეობა მოინახულეს.
გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფ, რაიმონდს ვეიონისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში შექმნილი ვითარება გააცნო და მავთულხლართების მიღმა მოყოლილი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება.
ორი ქვეყნის პრეზიდენტები სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ დათა ვანიშვილსა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ, და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნენ. დათა ვანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიწის დამუშავებისათვის ხელის ტრაქტორი თხოვა, პრეზიდენტი მარგველაშვილი კი, თავის მხრივ, მას ამ თხოვნის შესრულებას დაჰპირდა.
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხურვალეთში და მინდა მადლობა გადავუხადო ლატვიის პრეზიდენტს, როგორც ჩვენს მეგობარს, რომელსაც ვაჩვენეთ ის ისტორიული უსამართლობა, რომელიც ხდება ამ სოფელში კონკრეტულად, ჩვენს მიწა-წყალზე. ჩვენ ვაჩვენეთ ის ხელოვნური ბარიერები, რომელიც აღმართულია ევროპის ერთერთ ქვეყანაში.
მინდა ვქთვა, ძალიან ნათლად, რომ ევროპაში ასეთი ხელოვნური კედლები აგებულა, მაგრამ არცერთი დარჩენილა ბოლომდე და აი ეს უსამართლობა, რაც აქ ტრიალებს, ბუნებრივია, დაიძლევა – დაიძლევა ძლიერი ევროპული საქართველოს და ქართველი ხალხის გამთლიანების ემოციით.
ჩვენთვის განსაკუთრებით ემოციურად მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენი მეგობრები მოდიან აქ, რომ საკუთარი თვალით ნახონ ეს უსამართლობა. მინდა კონკრეტულად მადლობა ვუთხრა ლატვიელ ხალხს, ლატვიის პრეზიდენტს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და იმისთვის, რომ პირადად მოვიდა ამ გამყოფი ხაზის სანახავად”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სოფელ ხურვალეთში მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.
ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხასგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით სამწუხაროა თანამედროვე სამყაროში და სუვერენულ სახელმწიფოში მსგავსი სიტუაციის არსებობა, როდესაც მავთულხლართები ყოფს ქვეყანას ორ ნაწილად.
„ეს მავთულხლართები, ასევე ჰყოფს ოჯახებსა და საცხოვრებელ ეზოებს და, რა თქმა უნდა, ლატვია არასდროს აღიარებს რუსეთის მხრიდან ასეთ ქმედებებს და ოკუპაციას. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მე ვფიქრობ, რომ თითოეული ქვეყნის სუვერენულობა და დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, და ჩვენ ვიმუშავებთ ამ სიტუაციის მოსაგვარებლად. იმედი მაქვს, რომ ერთად მივაგნებთ ხერხს ამ პრობლემის გადასაჭრელად”, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0