ლაშა აბაშიძე ბავარიის ფედერალური მხარის ბიზნესდელეგაციას შეხვდა

02/06/2017

თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე საქართველოში ვიზიტით მყოფი ბავარიის ფედერალური მხარის ბიზნესდელეგაციას შეხვდა. დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან ბავარიის ადგილობრივი პარლამენტის წევრები და წამყვანი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები, ბავარიის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ფრანც იოზეფ პშირერი ხელმძღვანელობს. შეხვედრას ასევე დაესწრო გერმანული კომპანია Man Truck and Bus AG- ის ვიცეპრეზიდენტი ჰაიკო ჰაუმერი. აღნიშნულმა კომპანიამ უზრუნველყო თბილისში ევროსტანდარტების შესაბამისი, ახალი ავტობუსების მოწოდება. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თბილისში ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. კერძოდ, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების კუთხით გერმანული გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ლაშა აბაშიძის თქმით, თბილისის მუნიციპალური ავტობუსების პარკის განვითარების მიმართულებით გერმანული მხარის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა სასურველია ამ სფეროს გაუმჯობესება მხოლოდ იმპორტზე არ იყოს დამოკიდებული და, შესაძლებლობის ფარგლებში, ადგილზეც მოხდეს მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება და აწყობა. ბავარიის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მისი ქვეყანა დაინტერესებულია საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით და ქართულ ბიზნესწრეებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0