ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და მერის მოადგილე მაიზერ ნანავასთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე პროექტებს შეეხო. მერმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა და პრობლემური საკითხები განიხილა.
როგორც შეხვედრაზე ლაშა გოგიამ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სწავლა 22 იანვარს განახლდება.
მიმდინარე წელსაც გრძელდება მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესი. ამ ეტაპზე, კომისიის დაკომპლექტება მიმდინარეობს, განცხადებების მიღება კი თებერვლიდან დაიწყება.
ლაშა გოგია შიდა საუბნო გზების საკითხითაც დაინტერესდა. შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშოებსა და გზების ორმულ შეკეთებაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი ყინულის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზეც.
შეხვედრაზე გარემოვაჭრეების თემაზე და ქალაქის ტერიტორიაზე პირუტყვისა და მაწანწალა ძაღლების გადაადგილების პრობლემაზეც იმსჯელეს. აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზების ძიება უკვე დაწყებულია.