ლაშა ტალახაძე და საქართველოს სპორტული დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა

25/08/2016

დღეს, დილის 4 საათზე, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და საქართველოს სპორტული დელეგაცია სამშობლოში დაბრუნდა.სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური პირები და გულშემატკივრები დახვდნენ.
საჩხერელ ძალოსანს ოჯახის წევრები, საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები და მეგობრები ეროვნული დროშებითა და სპეციალური ლონზუნგებით შეეგებნენ.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხიჩიკაშვილმა ლაშა ტალახაძის და ზოგადად, ოლიმპიადაში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენების, აგრეთვე მათი მწვრთნელების დამსახურება და თავდადება აღნიშნა, მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი სპორტსმენები მომავალ ოლიმპიადებზე ასევე დიდი წარმატებით გამოვლენ.
ლაშა ტალახაძემ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ეს წარმატება თავისი ხალხის დიდი გულშემატკივრობის შედეგია.
ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, რომელსაც 23 წელი ოქტომბერში შეუსრულდება, 105 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ოქრო და მსოფლიო რეკორდსმენის ტიტული მოიპოვა. მისი მწვრთნელები მამა – კობა ტალახაძე, ამ ეტაპზე კი გიორგი ასანიძე და ავთო გახოკიძე არიან.
საქართველომ რიოს XXXI-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 7 მედალი – 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა, რის მიხედვითაც საქართველო 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (ძიუდო), ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (ძიუდო), შმაგი ბოლქვაძემ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი თურმანიძემ (ძალოსნობა) და გენო პეტრიაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) მოიპოვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0