ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

29/09/2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობები და აღნიშნეს, რომ ეკონომიკური კავშირების გამყარება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი ასპექტია. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ორივე ქვეყანა წარმატებით ახორციელებს მსოფლიო და რეგიონული მასშტაბის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ვაჭრობის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლებში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის ხუთეულშია, ხოლო 2022 წელს მეორე პოზიციაზე იყო ქვეყნის მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებს შორის. ამასთან, ხაზი გაესვა იმას, რომ საექსპორტო პოტენციალი დიდია და საქართველო დაინტერესებულია გაზარდოს ისეთი პროდუქციის ექსპორტი აზერბაიჯანში, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, სურსათი, აზოტოვანი სასუქები, ცემენტი და სხვ. ქართულმა მხარემ ასევე მიაწოდა ინფორმაცია პლატფორმის – www. Tradewithgeorgia.com შესახებ და გამოთქვა იმედი, რომ აზერბაიჯანის საქმიანი წრეები მისი მეშვეობით შეძლებენ ორმხრივი სავაჭრო კავშირების კიდევ უფრო მეტად გამყარებას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე ინვესტიციის სფეროში. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია, შესთავაზოს აზერბაიჯანელ ინვესტორებს პროექტები ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, აგრომრეწველობა, ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მრეწველობა და სხვ. ასევე, საუბარი წარიმართა ორმხრივი და რეგიონული პროექტების განვითარებაზე ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორებში. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა დაინტერესებულია საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი შუა დერეფნის განვითარებასა და ახალი სატრანზიტო ტვირთების მოზიდვაში. საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმდინარეობას. მხარეებმა ასევე განიხილეს ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზაზე არსებული ვითარება, აგრეთვე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დამატებითი ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობა. შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, როგორც მნიშვნელოვან რეგიონულ პლატფორმაზე და იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანის დელეგაცია წარმოდგენილი იქნება მაღალ დონეზე და მას პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი უხელმძღვანელებს. აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0