ლევან დავითაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორს შეხვდა

11/01/2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორს მარიკა ოლსენს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელს მარკ მაკკორდს და პროგრამის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ის პროექტები, რომლებიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა განახორციელეს. მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი, ინოვაციები, ინვესტიციების მოზიდვა, ექსპორტის ხელშეწყობა, მეწარმეობის განვითარება, დიჯიტალიზაცია, ტრანსპორტი და სხვა. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობასა და ამერიკელ ხალხს, რომლებიც USAID-ისა და ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მეშვეობით ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, პანდემიისა და სხვა გლობალური მოვლენების შედეგად შექმნილი გამოწვევების დაძლევას. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და მარიამ ქვრივიშვილი, აგრეთვე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ კასრაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0