ლევან დავითაშვილი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს

23/02/2018

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილo, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს.
ლევან დავითაშვილმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან, დან მალანისთან და ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დირექტორთან, ჯეისონ ბუნტინთან შეხვედრაზე, ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ამერიკულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების ნოტიფიცირებაზე პასუხისმგებელი პირის გადამზადებასა და ევროკავშირის რეგულაციების გაანალიზებაში.
ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს ტექნიკური დახმარების გაწევისთვის; იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ქართულ პროდუქციას საშუალება მიეცემა სათანადო ადგილი დაიმკვიდროს ამერიკულ ბაზარზე.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარატმენტის (USDA) პოლიტიკის კოორდინაციისა და დაგეგმვის პროგრამების კოორდინატორს, დონ ევანსს შეხვდა. მხარეებმა სატყეო სექტორში ამერიკული მხარის დახმარებაზე და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი პროექტის განხორციელებაზე ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0