ლევან დავითაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

05/05/2023

ლევან დავითაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იოშიკაცა იუუმს შეხვდა. ვიცე-პრემირმა იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ 1918 წელს აღიარა და მხარს უჭერდა მის სუვერენიტეტს, სწორედ იაპონია იყო.

„საქართველოსა და იაპონიას შორის არსებობს ძალიან მეგობრული, პარტნიორული, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და ხაზგასასმელია ის ძალისხმევა, რომელიც არსებობს ორივე ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საპარლამენტო ვიცე-მინსტრთან შეხვედრისას.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია იაპონიასთან თანამშრომლობის გაღრმავებით, რისთვისაც აქტიურად იყენებს ყველა პლატფორმას და ინსტრუმენტს, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების განმტკიცებას. შეხვედრაზე, სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, მხარეებმა ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობასა და იმ სარგებელზე, რასაც ნავსადგურის ამოქმედება მოუტანს არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის, ხაზი გაესვა ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. ლევან დავითაშვილმა იაპონურ მხარესთან ერთად ასევე განიხილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლის განვითარებაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. ამასთან, ისაუბრა განახლებად ენერგოპოლიტიკაზე, რომელიც, მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმებში ერთ-ერთი პრიორიტეტია. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ამ მხრივ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს – 2023 წლის სამი თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და იაპონიას შორის 62%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2022 წლის მონაცემებით, ზრდა 57%-ია. ზრდის კარგი ტენდენციები ფიქსირდება ასევე პირდაპირი ინვესტიციებისა და ტურიზმის სტატისტიკურ მაჩვენებლებშიც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0