ლევან დავითაშვილი USDA-ის წარმომადგენლებს შეხვდა

31/05/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) შესაძლებლობების განვითარების ოფისის სურსათით უზრუნველყოფის განყოფილების ანალიტიკოსს, ტომას სზუმანსკის შეხვდა. USDA-ის წარმომადგენელმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამა Food For Progress გააცნო. როგორც ტომას სზუმანსკიმ აღნიშნა, პროგრამის მიზანი განვითარებად ქვეყნებში აგრარული სექტორის გაძლიერების ხელშეწყობაა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამების და სოფლის განვითარების სტარტეგიის შესახებ. მინისტრმა ბაზრების დივერსიფიკაციის და საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტების წარმოების ზრდის მნიშვნელობაზე, ასევე ევროკავშირის ბაზარზე ცხოველური წარმოშობის პირველი ქართული პროდუქტის, თაფლის ექსპორტის შესაძლებლობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აგრარულ სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა, განვითარდა არაერთი დარგი და მიმართულება. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორს სტიმულირება და ხელშეწყობა კვლავ სჭირდება. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში ხორბლის წარმოების და საირიგაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნული მიმართულებით აშშ-ისთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. როგორც ტომას სზუმანსკიმ შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების დიდ პოტენციალი არსებობს და USDA კვლავ გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას და დარგის განვითარების ხელშეწყობას. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას USDA-ის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0