ლევან დავითაშვილმა კონფერენცია გახსნა

04/07/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კონფერენცია „საქართველოსა და მისი რეგიონების პროდუქციის ბრენდირება: გეოგრაფიული აღნიშვნის მნიშვნელობა“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. როგორც მინისტრმა განაცხადა, კონფერენცია საქართველოში მერძევეობის სექტორში გეოგრაფიული აღნიშვნების განვითარების მიზნითაა ორგანიზებული. გეოგრაფიული აღნიშვნები მნიშვნელოვანი ფაქტორია მდგრადი ღირებულებათა ჯაჭვის მხარდასაჭერად. ლევან დავითაშვილის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამა“, საწარმოო ბაზის და ნედლეულის შექმნით, სექტორის განვითარებას დაეხმარება. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში მამუკა მესხმა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბალვანერამ. „წარმატებულ გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემას კულტურული მემკვიდრეობისა და გამორჩეული ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება შეუძლია და, შესაბამისად, სოფლად ეკონომიკის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაც”, – განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში მამუკა მესხმა. ბრუნო ბალვანერამ ყურადღება საქართველოში აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობის პრიორიტეტულობაზე გაამახვილა. „საქართველოში აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა ბანკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ FAO-სა და EBRD-ის ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში რძის წარმოების გაზრდა, წარმატებით თანამშრომლობს მერძევეობის დარგის კომპანიებთან“, – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ. კონფერენცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა. კონფერენციაზე მერძევეობის სექტორის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მწარმოებელთა ასოციაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0