ლევან დავითაშვილმა საქართველოს ენერგეტიკის ბიზნესსექტორთან შეხვედრა გამართა

15/11/2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ენერგეტიკის ბიზნესსექტორთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრმა კომპანიებმა, რომლებიც საქართველოში ენერგეტიკულ სექტორში საქმიანობენ. განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის პრეზენტაცია პოტენციურ ინვესტორებსა და დეველოპერებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ წარუდგინა.

„ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, უწყვეტად მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და გარკვეული სახელმწიფო გარანტიები, რათა კერძო სექტორმა რეალურად მოახერხოს ფინანსების მობილიზება და პროექტების განხორციელება,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა, რომ საქართველოში გვქონდეს განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით კერძო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი მექანიზმები, რათა ენერგეტიკული პროექტები უფრო სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს.

„ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფი ტემპით განხორციელდეს განახლებადი ენერგეტიკული პროექტები. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლის განმავლობაში გვქონდა მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ჩვენ შევაჯერეთ პოზიციები და მექანიზმები, რომელიც დღეს კერძო სექტორს შევთავაზეთ. იმედი გვაქვს, რომ კერძო სექტორთან ერთად აქტიური განხილვისა და პოზიციების შეჯერების შედეგად მხარდაჭერის მექანიზმი ამოქმედდება მიმდინარე წელსვე”, – აღნიშნა მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0