ლევან შონიამ სენაკში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

11/05/2016

სენაკში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, სენაკის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.
წელს სენაკში უკვე დაიგო 15 ქუჩა, ასევე დაგეგმილია სოფლების დამაკავშირებელი 4 გზის მშენებლობა. ასევე, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის განვითარების ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყო ასფალობეტონის საფარი. პარალელურად ქუჩის ორივე მხარეს ეწყობა ტროტუარები და მიმდინარეობს ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. დასრულდა თანამედროვე გარე განათების სისტემის მონტაჟი, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე არხები და 9 მეტრით გაფართოვდება ქუჩაზე არსებული 2 ხიდი. სამუშაოების ღირებულება, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, მიმდინარე წელს 660 764 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 130 ადამიანია დასაქმებული. პროექტის დასრულების შემდეგ, რომლის ჯამური ღირებულება 1 446 336 ლარია, ქალაქს თანამედროვე სტანდარტების გამზირი შეემატება. აქამდე ჭავჭავაძის ქუჩა გაუვალი იყო და ბოლო 30 წელია რეაბილიტაციას საჭიროებდა.
წელსვე ქალაში მრავალსართულიანი კორპუსების 25 შიდა ეზო მოეწყობა. გრძელდება წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია. ლევან შონია დღესვე სენაკის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, ისტორიული თეატრის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონი ლარი იხარჯება. ამჟამად თეატრში გათბობა-კონდიცირების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს, სრული რეაბილიტაცია კი 2017 წელს დასრულდება.
გუბრნატორმა სენაკში პირველი საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო პროცესიც დაათვალიერა. შენობა ავარიული იყო და სასწავლო პროცესი 1937 წელს აშენებულ შენობაში მიმდინარეობდა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0