ლომისის ხევის კალაპოტი უკვე სრულადაა გაწმენდილი

11/05/2019

დუშეთის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ჩამოტანილი ინერტული მასალისგან ჩახერგილი ტერიტორიები და ხევები მესამე დღეა აქტიურად იწმინდება. დღეს, მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გუდამაყარში და ქვეშეთში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლომისის ხევის კალაპოტი უკვე სრულადაა გაწმენდილი. აქტიურად მიმდინარეობს მდინარე არაგვის კალაპოტის გაწმენდითი და გაღრმავების სამუშაოები სოფელ ზემო მლეთაში.
გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე არაგვში წყლის დონის მატების გამო სამუშაოები დროებით შეჩერებულია. ტექნიკა მობილიზებულია და წყლის დონის შემცირებისთანავე კალაპოტის გაწმენდა განახლდება.
უახლოეს რამდენიმე საათში დაიწყება სამუშაოები უკანა ფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუაფხოში. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სოფელში შესაბამისი ტექნიკა უკვე გაგზავნილია.
ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ადგილობრივი თვითმმართველობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0