„მაბუჰაი“ ზოოპარკში მისულ პატარებს დღეს უფასოდ მოემსახურება

01/06/2016

თბილისის მერი დავით ნარმანია შვილთან ერთად ზოოპარკს ესტუმრა, სადაც საქართველო-ფილიპინების მეგობრობის მინიპარკის – „მაბუჰაი“-ს გახსნის ცერემონიას დაესწრო და პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

“ყველას გვახსოვს 13 ივნისი და სტიქია, რომელმაც ზოოპარკი მნიშვნელოვნად დააზიანა, განადგურდა ცხოველები, დაზიანდა ზოოპარკის ტერიტორია, მწვანე ნარგავები. ამის შემდეგ ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ, როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციის, ასევე, სხვადასხვა საჯარო უწყებების, ფიზიკური პირების და ბიზნესმენების აქტიური ჩართულობით გაიწმინდა ტერიტორია და დაიწყო მისი კეთილმოწყობის სამუშაოები. აღდგა ვოლიერების ის ნაწილი, რომელიც გვჭირდებოდა დამატებით ცხოველების დასაბინავებლად. ჩვენი პარტნიორი ზოოპარკები სხვადასხვა ქვეყნიდან აქტიურად გვეხმარებიან და ეტაპობრივად ივსება პარკი, ლამაზდება. დღევანდელ დღეს დაემთხვა ახალი სივრცის შექმნაც. ჩვენი ფილიპინელი პარტნიორების მხარდაჭერით პატარებისთვის დღეს ახალი პარკი გავხსენით,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ახლადგახსნილი მინიპარკი „მაბუჰაი“ ეკოლოგიურად სუფთა, ხის მასალის კონსტრუქციებით მოწყობილი გასართობი სივრცეა. პარკი ღია ცის ქვეშ მდებარეობს და მისი დაარსების ინიციატივა საქართველოს საპატიო კონსულს ფილიპინების რესპუბლიკაში ტელმო კუნანანს, ასევე, თბილისის ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს ეკუთვნის. პროექტი ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის (BICT) დაფინანსებით განხორციელდა. „მაბუჰაი“ ზოოპარკში მისულ პატარებს დღეს უფასოდ მოემსახურება.

გარდა ამისა, ზოოპარკს ახალი ცხოველებიც შეემატა და 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისის ზოოპარკი მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებებით აღნიშნავს. პროგრამა 20:00 საათამდე გაგრძელდება და შემდეგ აქტივობებს მოიცავს: ტურნირი თოკების პარკში, მხიარული სტარტები, სამაგიდო და გუნდური თამაშები, კონკურსები, ხატვა, ძერწვა, საცირკო წარმოდგენები, ილუზიონისტის შოუ, ანიმაციური ფილმების ჩვენება, თოჯინების თეატრი და სხვ. ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდება მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის „ადამიანი და ცხოველთა სამყარო“ დასკვნითი ღონისძიება და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, მოეწყობა საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა „ცხოველები და ადამიანი“. დღის განმავლობაში ზოოპარკის სტუმრებს გიგანტური ხილის ფიგურები გაახალისებენ.

თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილმა და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა მიულოცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0