მაგალითების მოძებნა გაჭირვებულების მიმართულებით ძალიან მარტივია, ძნელია გადაწყვეტილების მოძებნა

03/11/2017

„2009 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო მოსახლეობის 33%, 2010 წელს – 36%, 2011 წელს – 32%, 2012 წელს – 28,5% 2016 წელს ჩვენ 21,5%-ზე ჩამოვედით. მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 300 ათასი ადამიანით ნაკლები გვყავს, ძალიან ბევრი გაჭირვებულია,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას, რომელმაც დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტი წარუდგინა.
„მაგალითების მოძებნა გაჭირვებულების მიმართულებით ძალიან მარტივია, ძნელია გადაწყვეტილების მოძებნა. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ერთად „ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო 2016 წელს არჩევნების წინ, როდესაც 4-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა და შემდგომ უკვე 2016 წლის ბოლოს, როდესაც ბიუჯეტი დაამტკიცა, არის სწორი გადაწყვეტილება.
ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ ყველაზე ადრე შევამცირეთ გადასახადები და შევამცირეთ სწორედ ის გადასახადები, რომლებიც ყველაზე მეტად ეხმარება ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, მოგების გადასახადის რეფორმით მთავრობამ 2017 წელს 370 მილიონი ლარი კერძო სექტორს რეინვესტირებისთვის დაუტოვა.
„მოგების გადასახადის რეფორმა არის მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებისთვის გაწეული რეფორმა. დიდი ბიზნესი ყოველთვის ახერხებს ფულზე წვდომას. სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება ის საწესდებო კაპიტალი, რომ მოახერხოს აღნიშნული თანხით დამატებითი სახსრების მოზიდვა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0