მავნებელთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

09/09/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანაშვილი და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ქალაქ ოზურგეთში ფერმერებს და სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სახელმწიფოს მიერ გატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ისაუბრეს და მავნებელთან ბრძოლის საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ განმარტა, რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. საკარმიდამო ნაკვეთები და ნათესი ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით და სამანქანე აგრეგატებით მუშავდება. მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში აგრეთვე ჩართულია მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი, რომელსაც დღეში ასეულობით ჰექტარი სიმინდის მასივის დამუშავება შეუძლია. მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი და ფართობებში დამონტაჟებულია მწერის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგები. „ ჩატარდა რეგიონული შეხვედრა, სადაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დეტალურად გააცნო ფერმერებს ის რეკომენდაციები, რომელიც საჭიროა მავნებელთან ბრძოლაში. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ თითოეული ჩვენთაგანის ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია მავნებელთან ბრძოლა იყოს ეფექტური. მთავრობამ მიიღო განკარგულება და გურიის რეგიონში ყველა მოსახლეს დაურიგდება პრეპარატები, რათა ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“- აღნიშნა გუბერნატორმა. შეხვედრას დაესწრნენ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები. ქიმიური წამლობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მავნებლის საწინააღმდეგოდ ფართობები დამუშავდა გურიაში (4600 ჰექტარი): ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: სოფ. ღრმაღელე – 210 ჰა, სოფ.ჩოლობარგი – 65 ჰა, სოფ. შუხუთი – 30 ჰა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: სოფ. შრომა – 120 ჰა, სოფ. ძიმითი – 45 ჰა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი: სოფ. ამაღლება -180 ჰა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0