მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ ფაზაში შედის

07/05/2017

დასავლეთ საქართველოში გამოვლენილი ახალი მავნებლის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონული სამსახურების წარმომადგენლებისთვის თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველებმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის ( REAP) სპეციალისტებმა სამუშაო ჯგუფებს მავნებლის გავრცელების არეალის დადგენის და მონიტორინგის მეთოდები გააცნეს. თეორიული სწავლების შემდეგ ჩატარდა საველე სამუშოები და თხილის ფართობებში ფერომონები ( დამჭერი ხაფანგები) დამონტაჟდა.
„მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ ფაზაში შედის. სააგენტოს სამსახურების და სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებს ჩაუტარდათ სპეციალური სწავლების კურსი მონიტორინგის მეთოდებთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს ეფექტიანად დავგეგმოთ ქიმიური წამლობის არეალი“-განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
მავნებელთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ფერომონების( დამჭერი ხაფანგების) განთავსება, მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 ათას წერტილზეა დაგეგმილი. მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე განისაზღვრება ქიმიური წამლობის ფართობები. შეწამვლითი ღონისძიებების ივნისში დაიწყება. მსოფლიოს ენტომოლოგების რეკომენდაციით, შესხურებისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოცდილია საქართველოში .
აზიური ფაროსანას მონიტორინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები ანაკლიაში, სენაკისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში გაიმართა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ მავნებელთან დაკავშირებით სწავლებებს და მონიტორინგს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის ( REAP) მხარდაჭერით ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0