მაია ბითაძე მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

12/06/2017

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი სამთო-მოპოვებითი საქმიანობის საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებით, სამინისტროს მიერ ინიცირებული მასშტაბური რეფორმისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობათა განხილვაა. შეხვედრაზე მაია ბითაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს გააცნო წიაღის რეფორმასთან დაკავშირებით სამინისტროს ხედვა, შეიქმნას სრულიად ახალი სამთო-მოპოვებითი საკანონმდებლო სისტემა, რომელიც ასახავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ამავდროულად უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ და მდგრად სარგებლობას, საერთაშორისო გარემოსდაცვითი პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა სამინისტროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრის დასასრულს მაია ბითაძემ, სამთო-მოპოვებითი სექტორით დაინტერესებასა და სექტორის რეფორმირებაში დახმარების სურვილის გამოთქმასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა ამ მიმართულებით უფრო საფუძვლიანი თანამშრომლობის შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0