მაკა ჩიჩუამ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ კონფერენციაში „ჩემი ხმა საზოგადოებაში“ მიიღო მონაწილეობა

21/03/2017

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ კონფერენციაში „ჩემი ხმა საზოგადოებაში“ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პირველმა ლედიმ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და დაუნის სინდრომის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩემი ურთიერთობა და მეგობრობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებთან უკვე 3 წელიწადს ითვლის, მაგრამ ამ პერიოდში ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ ერთმანეთისგან იმ დედების დახმარებით, რომელთა ძალისხმევითაც მოვიდა ყველაფერი იქამდე, რომ დღეს საქართველოში შეგვიძლია ამ საკითხებზე ხმამაღლა ვისაუბროთ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით გასაკეთებელი, მაგრამ არ მინდა ვიყო უმადური და არ აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში მართლაც გიგანტური ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით და, დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს იმ გზავნილით, რომელსაც დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ – „ჩემი ხმა საზოგადოებაში“, თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებმა ისაუბრონ საკუთარ თავსა და უფლებებზე“,- განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, კავშირის „ჩვენი ბავშვები “ და საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ორგანიზებით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო კვირეული ფარგლებში დღეს თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0