მაკა ჩიჩუამ ღონისძიება „ეთნიკური ქართველი და ქისტი ახალგაზრდები თანამშრომლობენ განვითარებისა და დასაქმებისათვის“ გახსნა

20/04/2017

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ღონისძიება „ეთნიკური ქართველი და ქისტი ახალგაზრდები თანამშრომლობენ განვითარებისა და დასაქმებისათვის“ გახსნა.
შეხვედრა დღეს კულტურულ ცენტრში „ფაბრიკა“ გაიამართა და მასში მონაწილეობა პანკისის ხეობიდან და ახმეტიდან ჩამოსულმა ახალგაზრდებმა მიიღეს.
ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი ინიციატივა მიზანად ისახავს ეთნიკურ ქართველებსა და ქისტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას და ახალგაზრდების დასაქმების მხარდაჭერას . ინიციატივა ორიენტირებულია ახალგაზრდების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე, მათ დასაქმებასა და ერთობლივი სათემო პროექტების განხორციელებაზე.
„პანკისი ძალიან საინტერესო რეგიონია. მინდა აღვნიშნო, რომ იქაურ ახალგაზრდებს ძალიან სჭირდებათ მხარდაჭერა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბევრი პროექტი დააფინანსა პანკისის ხეობაში, ამიტომ დამაინტერესა რამდენად წარმატებით მიმდინარეობდა ეს პროექტები. ამისათვის ჩავედი პანკისში, შევხვდი უამრავ კრეატიულ ახალგაზრდას, რომლებსაც სწავლა და განათლება სწყურიათ. გავეცანი პროექტების მიმდინარეობას და შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ქართველი და ქისტი ახალგაზრდების კიდევ უფრო დამეგობრებას.
მივესალმები ყველა ასეთ ინიციატივას და მოხარული ვარ, რომ დღეს აქ შევიკრიბეთ და გვაქვს საშუალება ერთმანეთს გავუზიაროთ სხვადასხვა პროექტებით მიღწეული შედეგები“,-აღნიშნა მაკა ჩიჩუამ
შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის Action Against Hunger-ის ორგანიზებით, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან თანამშრომლობით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0