მაკა ჩიჩუა ,,მშობელთა თემის მობილიზებისა და გაძლიერების” პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურს ეწვია

24/05/2017

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს ,,მშობელთა თემის მობილიზებისა და გაძლიერების” პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურს ეწვია. ქვეყნის პირველმა ლედიმ კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის” წევრებთან ერთად ხელვაჩაურში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლებთან გამართა შეხვედრა და შშმ პირთა საჭიროებებისა და ამ მიმართულებით რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც მაკა ჩიჩუამ შეხვედრისას აღნიშნა, ამ პროექტში მისი ჩართვის მთავარი მიზეზი მშობლებისთვის იმ გამოცდილების გაზიარებაა, რომელიც მან და პროექტის ორგანიზატორებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დააგროვეს.
„ზუსტად მშობლებისთვის ტარდება ეს შეხვედრები, იმისათვის, რომ მშობლებმა შემდეგ ხმა მიაწვდინონ სხვა მშობლებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ასეთი აქტიურები, შემდეგ კი, ყველამ ერთად, ეს ყველაფერი გაერთიანებული ძალებით ავუხსნათ სახელმწიფოს- იმ ადამიანებს, რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ თავიანთ საზოგადოებას, მოსახლეობას. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევუქმნათ მომავალ თაობას ნათელი მომავალი“,- განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის მეუღლე სოფიო ბაკურიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0