მაკა ჩიჩუა შშმ პირთა მშობლების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონს ეწვია

25/05/2017

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა შშმ პირთა მშობლების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონს ეწვია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლებთან, ქალაქ საჩხერის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო რეგიონებში არსებულ შშმ პირთა სარეაბილიტაციო სერვისებს, მათ სამართლებრივ უფლებებსა და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების აუცილებლობას.
ქვეყნის პირველმა ლედიმ და კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის” წევრებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან მოისმინეს ამ სფეროში რეგიონში არსებული პრობლემატური საკითხებისა და შშმ პირთა საჭიროებების შესახებ ინფორმაცია.
თავის მხრივ, მაკა ჩიჩუამ და კოალიციის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათ პროექტის მთავარი მიზანი განუმარტეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მაკა ჩიჩუამ პროექტის მიმდინარეობა შეაფასა:
„ამ სამი დღის განმავლობაში, საჩხერეში იყო ბოლო შეხვედრა. დიდი მოლოდინი მაქვს იმისი, რომ ჩვენი მუშაობა გაგრძელდება, დროს უკვე რეალურ პრობლემებს, მათი გადაწყვეტის გზებს დავუთმობთ და იმ ტრენინგებს რაც მათ სჭირდებათ“, – აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
პროექტის შემდეგი ნაბიჯი აღნიშნულ ჯგუფებთან განმეორებით შეხვედრებსა და ტრენინგებს ითვალისწინებს.
შეხვედრას საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0