მამუკა ბახტაძე აშშ-ის საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ დირექტორს, კორპორაციის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის მთავარ მრჩეველს შეხვდა

01/02/2018

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ის საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ დირექტორს, კორპორაციის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის მთავარ მრჩეველს, ჩარლზ მაკლაფლინს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, OPIC-ის დახმარებით საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა.

საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც დაარსდა 1971 წელს. OPIC თანამშრომლობს აშშ–ის კერძო სექტორთან და მას განვითარებად ბაზრებზე შესვლაში ეხმარება, რითაც ხელს უწყობს კერძო სექტორის შემოსავლების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ განვითარებას როგორც აშშ-ში, ასევე საზღვარგარეთ.

საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) 1993 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში. OPIC მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის განვითარებაში, როგორებიცაა: საფინანსო სექტორი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, წარმოება, განათლება, სამთო მრეწველობა და უძრავი ქონების სექტორი. OPIC-ი ასევე ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომას დაფინანსების წყაროზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0