მამუკა ბახტაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

08/12/2017

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე შეხვდა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
ფინანსთა მინისტრმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ,,გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვის წარმატებით დასრულებას, განსაკუთრებით იმ ფაქტს, რომ სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიმოხილვის დასრულებას ფორმალური სხდომის ჩატარების გარეშე დაუჭირა მხარი. მთავარი გზავნილი ამ დოკუმენტით არის ის, რომ საქართველოს მთვრობის განვითარების ოთხპუნქტიან გეგმას აქვს სრული მხარდაჭერა ფონდის მხრიდან.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) მხარდაჭერით „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის“ პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რომლის მიზანია, გაუმჯობესდეს სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება და სასწავლო გარემო, მიღწეულ იქნეს ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორის მიმართ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0