მამუკა გორგოძემ ბაღდათში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა

19/06/2017

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მოთამაშემ, გუნდის კაპიტანმა მამუკა გორგოძემ ახლახან სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, თუმცა „გორგოძილა“ კიდევ სამი წელი აპირებს რაგბობას, ოღონდ საკლუბო დონეზე, საფრანგეთის ტოპ 14-ში, „ტულონის“ კვართით.
მამუკა ახლა საქართველოშია და დღეს მშობლიურ ბაღდათშიც ჩამოვიდა. იქნებ ბევრმა არც იცის, რომ იგი ბაღდათელია და 2015 წელს ბაღდათის საპატიო მოქალაქედაც აირჩიეს. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან, არჩილ გოგსაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძესთან და დეპუტატებთან შეხვედრაზე ბაღდათში რაგბის განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.
ინტერვიუს მამუკა გორგოძესთან „ჩემი გაზეთის“ ივნისის ნომერში იხილავთ. ქვემოთ კი მცირე სტატისტიკა „დიდი კაპიტნის“ კარიერიდან:
გორგოძემ “ბორჯღალოსნების” კვართი პირველად 2003 წლის 22 თებერვალს, ესპანეთის წინააღმდეგ მოირგო და მას შემდეგ გუნდისთვის შეუცვლელ ლიდერად იქცა.
მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიო თასზე – 2007, 2011 და 2015 წლებში – და 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე: 2011 წელს ინგლისთან და რუმინეთთან, 2015 წელს ტონგასთან და ახალ ზელანდიასთან. 2015 წლის მსოფლიო თასზე ის “ბორჯღალოსნების” კაპიტანი იყო და საქართველომ ისტორიულ შედეგს მიაღწია – ორი თამაშის მოგებით (ტონგასთან და ნამიბიასთან) ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური ნაადრევად მოიპოვა.
2010/11 წლებში დაასახელეს ტოპ 14-ის საუკეთესო ლეგიონერად, 2012/13 წლების სეზონში აღიარეს ტოპ 14-ისა და “ჰაინეკენის თასის” (ამჟამად ჩემპიონთა თასი) იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ.
“ბორჯღალოსნების” კვართით 71 ტესტი აქვს ჩატარებული, აქედან 13 კაპიტნის რანგში და საქართველოს ნაკრების საუკეთესო მელელოვეა (26 ლელო). ის 6-ჯერ გახდა საქართველოს საუკეთესო მორაგბე (2008, 2009, 2011, 2013, 2015 და 2016 წლები), 2011 წელს კი, საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გახდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0