მანდატურის სამსახური რეგიონებში ფართოვდება

07/05/2016

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ფუნქციონირება დაიწყო კახეთის რეგიონის სოფელ დუისის, ახმეტის N1 და N2 საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 500 აღემატება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მანდატურის სამსახურის უფროსმა ვახტანგ მეიფარიანმა, პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლის წარმომადგენლებს პირადად წარუდგინეს მანდატურები, რომლებიც უკვე შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას.
შერჩეულმა კანდიდატებმა, პოლიციის აკადემიაში, მანდატურთა მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა და ფსიქოლოგიური მომზადების კურსი გაიარეს. იგეგმება მანდატურის სამსახურის ეტაპობრივი ამოქმედება სამცხე–ჯავახეთის 6 და ქვემო ქართლის 5 საჯარო სკოლაში.
ამ ეტპზე, 1202 მანდატური საქართველოს 419 საჯარო და 4 კერძო სკოლაში, 3 პროფესიულ სასწავლებელსა და 1 უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
როგორც ცნობილია, რამდენიმე წლის წინ განხორციელდა მანდატურის სამსახურის ძირეული რეფორმა. შეიქმნა ფსიქოლოგიური ცენტრები, მანდატურის სამსახურის ბაზაზე ამოქმედდა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა. 2016-2017 სასწავლო წლიდან პანკისის ხეობის ყველა სკოლის მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის დაიწყება პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის სწავლება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საწარმოებში, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში ვიზიტები და სხვადასხვა პროფესიების შესახებ ინფორმაციის ადგილზე მიღება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0