მარიამ ვალიშვილი საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

22/03/2017

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საუბარი შეეხო მთავრობის პოლიტიკას ენერგეტიკის სფეროში, ძირითად მიმდინარე პროექტებსა და ფრანგულ კომპანიებთან თანამშრომლობას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაზე და აღინიშნა, რომ საქართველო ჰიდროელექტრო წარმოების მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობს.
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მისია განვითრებად ქვეყნებში კერძო ინვესტიციების ზრდის და ათასწლეულის განვითარების მიზნების (MDG) მიღწევის ხელშეწყობაა.
ორ ქვეყანას შორის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა ურთიერთობა 2014 წლის 13 მაისს, საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, რომლის დროსაც გაჟღერდა საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ოფისის გახსნის თაობაზე. საფრანგეთის განვითარების სააგენტო პროდუქტიულად თანამშრომლობს ქართულ მხარესთან ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, მდგრადი განვითარება, ენერგეტიკა და ტურიზმი.
საფრანგეთის განვითარების სააგენტო შედის „AFD ჯგუფში“, რომელიც ახორციელებს საფრანგეთის სახელმწიფოს ოფიციალურ მხარდაჭერას დაახლოებით 90 ქვეყანაში და გააჩნია დაახლოებით 70 ადგილობრივი წარმომადგენლობითი ოფისი და ბიურო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0