მარიამ ლაშხი იუნესკოს პროფესიული განათლებისა და კომპეტენციების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

03/11/2023

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი იუნესკოს პროფესიული განათლებისა და კომპეტენციების განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს, დოქტორ თომას შროდერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„დოქტორმა შროდერმა გერმანიის გამოცდილება და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაგვიზიარა. ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზების მექანიზმებზე. განვიხილეთ პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორისა და დარგობრივი ასოციაციების ჩართულობის საკითხი და პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელი. ვიმსჯელეთ იმ კონკრეტულ წამახალისებელ მექანიზმებზე, რომლითაც კიდევ უფრო გაძლიერდება კერძო და საჯარო კოლეჯების თანამშრომლობა დამსაქმებლებთან“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მარიამ ლაშხი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზართან თავსებადი პრიორიტეტების იდენტიფიცირებისა და დაფინანსების მოდელის ანალიზის მიზნით დაწყებული თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0