მარიამ ჯაში NASA-ს მეცნიერებს ჯონ კასანსა და რობ მენინგს შეხვდა

25/09/2017

საქართველოში NASA-ს მეცნიერები, „ვოიაჯერის“ პროგრამის ხელმძღვანელი ჯონ კასანი და მარსის პროგრამის მთავარი ინჟინერი – რობ მენინგი იმყოფება. ისინი დღეს განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს შეხვდნენ. მეცნიერები საქართველოში ჩამოვიდნენ მეცნიერების და განათლების ფონდის „ნოვა“-ს ხელმძღვანელის, რამაზ ბლუაშვილის და ამერიკის საელჩოს მოწვევით.
როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, მეცნიერები საქართველოს „ჩაკრულოს კვირეულის“ ფარგლებში ესტუმრნენ, რომელიც NASA-ს ორი კოსმოსური ხომალდის, ვოიაჯერ 1-ისა და ვოიაჯერ 2-ის კოსმოსში გაშვების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებათა ფარგლებში ტარდება.

„ჩვენთვის უდიდესი პატივია ვუმასპინძლოთ მეცნიერების ცოცხალ ლეგენდებს. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის აპარატის მოწვეული ექსპერტი რამაზ ბლუაშვილი გახლავთ დოკუმენტური ფილმის „ჩაკრულოს“ ავტორი და რეჟისორი. სწორედ მისი ინიციატივით მოხდა 40 წლის იუბილესთან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების –
„ჩაკრულოს კვირეულის“ აღნიშვნა საქართველოში. სტუმრები აღფრთოვანებული არიან იმ შესაძლებლობით, რომელიც საქართველოში გვეძლევა, რომ ერთობლივად აღვნიშნოთ იუბილე. ისინი ძალიან საინტერესო შეხვედრების მოლოდინში არიან. ვფიქრობ, ეს კვირეული გახდება საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მაგალითი, როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიოერო, ასევე კულტურული ურთიერთობების კუთხით“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ხომალდი ვოიაჯერ 1 1977 წლის 5 სექტემბერს გაუშვეს კოსმოსში. 2012 წელს, მან მზის სისტემა დატოვა და ამჟამად ვარსკვლავთშორის სივრცეში იმყოფება. ვოიაჯერ 1 კაცობრიობის ერთადერთი ქმნილებაა, რომელმაც მშობლიური მზის სისტემა დატოვა.
ვოიაჯერ 2 1977 წლის 20 აგვისტოს გაუშვეს და სულ მალე, მზის სისტემას ისიც დატოვებს. ვიზიტის ფარგლებში, დღესვე დაგეგმილია შეხვედრა „სტარტაპების“ მონაწილეებთან და მეცნიერის, კარლ საგანის ლაბორატორიის გახსნა.
28 სექტემბერს, 16 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, გაიმართება NASA-ს მარსის პროგრამის მთავარი ინჟინრის, რობ მენინგის საჯარო ლექცია, რამაზ ბლუაშვილის ფილმის ჩვენება და ერისიონის კონცერტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0