მაღალი დონის ჩართულობა მკვეთრად მიანიშნებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთან პარტნიორობა

09/06/2017

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ანდრეა ტომპსონმა სიტყვით მიმართა Heritage Foundation-ისა და German Marshall Fund-ის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მონაწილეებს, რომელიც საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს მიეძღვნა.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა ვრცლად ისაუბრა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერასა და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეების პრიორიტეტულობაზე, რასაც მისი განცხადებით კარგად მოწმობს ბოლო პერიოდში უმაღლეს დონეზე გამართული შეხვედრები.
“თუ ვინმეს აინტერესებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში, მიმაჩნია, რომ ძალიან თვალსაჩინოა, თუ რამდენად აფასებს ახალი ადმინისტრაცია ჩვენს ურთიერთობას საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან.
ადრეული პერიოდიდანვე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რამდენჯერმე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მას შეხვდით მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩვენი პირველი საგარეო ვიზიტისას, შემდეგ კი – გასულ თვეს, როდესაც გვერგო პატივი მისთვის გვემასპინძლა თეთრ სახლში. შესანიშნავი შეხვედრა და დიალოგი გვქონდა, რასაც მოჰყვა შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ოვალურ ოფისში. ასე რომ, თავიდანვე აშშ-ის ადმინისტრაციას ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი და ჩართულობა აქვს ჩვენს ქართველ მეგობრებთან.
რამდენიმე კვირის უკან, ბრატისლავაში, მქონდა საქართველოს პრემიერ-მინიტრთან ორმხრივი შეხვედრის და შესანიშნავი დისკუსიის გამართვის პატივი. სლოვაკეთში, „GLOBSEC”-ის კონფერენციის ფარგლებში ჩვენ ერთსა და იმავე პანელში მივიღეთ მონაწილეობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალაუფლებაში მოსვლის დღიდან, მხოლოდ რამდენიმე კვირის და თვის განმავლობაში, აშშ-ის ადმინისტრაციამ მრავალი შეხვედრა გამართა ქართველ მეგობრებთან. მიმაჩნია, რომ მაღალი დონის ჩართულობა მკვეთრად მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა“- განაცხადა ანდრეა ტომპსონმა.
მისი განცხადებით აშშ-ს და საქართველოს მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი ფაქტორი არის დემოკრატიული ღირებულებები, რომელსაც განუხრელად იცავს ორივე ქვეყანა და „სწორედ ამიტომაა, რომ აშშ-ი აგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას”.
ანდრეა ტომპსონმა საკუთარ გამოსვლაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან სამხედრო დანაყოფებით ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ავღანეთის მისიისათვის.
„მე ყოფილი ჯარისკაცი ვარ. 28 წელი ვმსახურობდი შეიარაღებულ ძალებში და ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მსახური. მათთან ერთად ავღანეთში გავატარე დროის უმეტესობა, მოწმე გავხდი იმ მტკიცე ხელმძღვანელობის, ერთგულების, დისციპლინის, პატრიოტიზმისა და იმ შეუპოვრობის, რომელიც ამ სამხედრო დანაყოფებს ახასიათებს და ისინი დღესაც განაგრძობენ ჩვენს გვერდით ყოფნას”-აღნიშნა ტომპსონმა.
მან აშშ-ს სახელით კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა, ისევე როგორც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური პროცესისადმი, რაც მისი თმით ასევე განხილული იყო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე „ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გადაწყვეტილებას გაწევრიანდეთ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ორშაბათს გამართული ატლანტიკური საბჭოს ვახშამზეც, სადაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მონტენეგროს, როგორც ნატო-ს ახალ წევრს, მიულოცა კლუბში გაერთიანება. ეს კარი ღიაა, განაგრძეთ ნატო-ში ინტეგრაციისაკენ სვლა“- აღნიშნა მან.
თეთრი სახლის წარმომადგენელი მიესალმა დემოკრატიული და კანონის უზენაესობის განმტკიცებისათვის მიმართულ რეფორმებს. აღნიშნა ეკონომიკის მიმართულებით გატარებული რეფორმები, რაც საქართველოს შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად წარმოაჩენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0