მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამაში კოოპერატივების რეგისტრაცია 3 ოქტომბრამდე გრძელდება

02/10/2017

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამაში კოოპერატივების რეგისტრაცია 3 ოქტომბრამდე გრძელდება
რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ ბმულზე:
http://cooperatives.acda.gov.ge/land
29 მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში აქვთ არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული, იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა – ტრაქტორები, სათიბები, ასევე სხვა საჭირო ინვენტარი.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება.
სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული არეალი მაღალმთიანი სტატუსის მქონე 29 მუნიციპალიტეტის – წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, მცხეთის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, საგარეჯოს, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს – იმ დასახლებებს მოიცავს, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება.
ერთ მუნიციპალიტეტში დაკმაყოფილდება ერთი განაცხადი.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, გადამმუშავებელი სიმძლავრეების შექმნის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ააშენებს რძის გადამმუშავებელ საწარმოს.
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც შეუწყობს ხელს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათთვის კეთილდღეობის შექმნას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0