მაღაროელებმა გაფიცვა შეწყვიტეს

01/03/2016

“საქნახშირსა” და მაღაროელებს შორის შეთანხმება შედგა. მეშახტეები დღეიდან სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან. 7 საათიანი მოლაპარაკების შედეგად კომპანიის ხელმძღვანელობა დასაქმებულებს 10 პროცენტამდე ხელფასების მომატებას დაპირდა.
შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. ტყიბულში მიმდინარე აქცია დაიშალა და მაღარო ხვალ, დღის მეორე ნახევარში მუშაობას განაგრძობს.

გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამსაქმებელი ეტაპობრივად დანერგავს და განახორციელებს შრომითი უსაფრთხოების კონკრეტულ ღონისძიებებს; გაფიცვის პერიოდში, 14-დან 29 თებერვლის ჩათვლით გაცდენილი სამუშაო დღეებიდან კომპანია აანაზღაურებს ნახევარ ხელფასს, ხოლო მეორე ნახევარი დასაქმებულს აუნაზღაურდება ანაზღაურებადი შვებულების ხარჯზე. ამასთანავე დასაქმებულთა მიმართ არ გატარდება ადმინისტრაციულ-დისციპლინური სანქციები.

მიღწეულ შედეგს მხარეები ოპტიმალურად მიიჩნევენ. გამგეობის შენობაში მიმდინარე მოლაპარაკებაში, რომელიც გვიან ღამით დასრულდა, მაღაროელებთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად მონაწილეობდნენ ბიზნესომბუდსმენი, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0