მედიის წარმომადგენლებისთვის ვიზალიბერალიზაციაზე შეხვედრა გაიმართა

02/04/2017

1 და 2 აპრილს, ქ. ბორჯომში, სასტუმროში “რიქსოს ბორჯომი” საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. სამუშაო შეხვედრაში ტელე, ბეჭდური და ინტერნეტ-მედიის წარმომადგნლები მონაწილეობდნენ. ჟურნალისტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ. სახელმწიფო მინისტრმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგად დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და მის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ორდღიანი შეხვედრის განმავლობაში მედიის წარმომადგენლებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროების, იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და მოვალეობების, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის ძირითად მიმართულებებსა და მისი განხორციელების პროგრესზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების სტატისტიკაზე, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის შესახებ ინფორმაციაზე, საერთაშორისო დაცვის სისტემის ზოგად საკითხებზე, თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობაზე, პერსონალური მონაცემების დაცვასა და თანამედროვე გამოწვევებზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0