მერაბ ჭანუყვაძე სოფელ ღრმაღელის და სუფსის მოსახლეობას შეხვდა

15/02/2018

გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ბესიკ ტაბიძესთან ერთად, სოფელ ღრმაღელის და სუფსის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე გუბერნატორმა ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა და სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო.

„ჩემი მიზანია, მუნიციპალიტეტის სოფლებში, რაც შეიძლება მალე მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა, მოხდეს გაზიფიცირება და წყალმომარაგების გაუმჯობესება. დღეს აქ მოვედი იმისთვის, რომ დაგეხმაროთ და ის პრობლემები, რაც დიდი ხანია გაწუხებთ, შეძლებისდაგვარად მოვაგვაროთ“- მიმართა მერაბ ჭანუყვაძემ ადგილობრივებს.

როგორც შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა, მიმდინარე წელს ღრმაღელეში იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, 3 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი მოეწყობა, რომლის საპროექტო სამუშაოები უმოკლეს დროში დაიწყება. გარდა ამისა სუფსა-წყალწმინდის დამაკავშირებელ ხუთ კილომეტრიან გზაზე საპროექტო სამუშაოების მომზადება დაწყებულია და წლის ბოლომდე ასფალტის საფარი დაიგება. უახლოეს მომავალში ასევე, მომზადდება პროექტი, წყლის სათავე ნაგებობაზე დაიწყება სამუშაოები და 150 ოჯახი სასმელი წყლით მომარაგდება.
რაც შეეხება სუფსას, აქ იგეგმება სანიაღვრე არხების მოწყობა, დამონტაჟდება ჭაბურღილი სოფელ ტაბანათში და 180-მდე ოჯახს წყლის პრობლემა მოუგვარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0