მესამე დღეა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშში დაკარგულ მამაკაცს უშედეგოდ ეძებენ

07/08/2017

მესამე დღეა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშში დაკარგულ მამაკაცს უშედეგოდ ეძებენ. რამაზ კურტანიძე, 4 აგვისტოს, გვიან ღამით გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა.
5 აგვისტოს სამძებრო სამუშაოებში დილიდან ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, იმერეთის სამმართველოს ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო განყოფილება.
დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები არჩილ მაღრაძე და თემურ ჩხეიძე სარგვეშში რამაზ კურტანიძის ოჯახის წევრებს, სოფლის გამგებელსა და მოსახლეობას შეხვდნენ და ფართომასშტაბიან სამძებრო სამუშაოებში ჩართულობა და თანადგომა აღუთქვეს.
ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი, მიხეილ ბუაჩიძე ამბობს, რომ ხვალ დილიდან სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვება, როგორც ადგილობრივი, ასევე მეზობელი სოფლის მოსახლეობა, ხარაგაულის პოლიციის თანამშრომლები, ტურიზმის ცენტრის თანამშრომლები და მოხდება მიმდებარე ტერიტორიების დეტალური დათვალიერება.
გაცნობებთ, რომ რამაზ კურტანიძე 67 წლისაა. მამაკაცს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0