მესტიაში ორდღიანი კულინარიული ფესტივალი – „გემო-ფესტი“ გაიმართა

15/01/2023

გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, მესტიაში ორდღიანი კულინარიული ფესტივალი – „გემო-ფესტი“ გაიმართა. “გემო-ფესტის” გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დაესწრნენ.

„გემო-ფესტი“ ჩვენთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტია. სასიამოვნოა, რომ მესტიაში ფესტივალს დღეს ბევრი ადამიანი სტუმრობდა – როგორც ადგილობრივები, ისე საერთაშორისო ტურისტები. „გემო-ფესტის“ მთავარი მიზანია გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა – ადგილზე წარმოდგენილია 15 ადგილობრივი მეწარმე, რა თქმა უნდა, დედაქალაქიდანაც არიან ჩამოსულები წამყვანი შეფ-მზარეულები, რომლებმაც ძალიან დიდი დრო დაუთმეს ადგილობრივი კულინარიის გაცნობას. რეალურად, ჩვენ დღეს ვიხილავთ სვანურ კულინარიას, რომელიც თანამედროვე ფორმითაა გარდაქმნილი“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ფესტივალი უკვე მეორედ იმართება – გასულ ზაფხულში ის რაჭაში ჩატარდა და მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც ტურიზმის, ისე გასტრონომიის სპეციალისტების მხრიდან. “გემო ფესტის” მიზანი რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0