მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

05/12/2017

მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა შეხვედრა „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში. მესტიის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტ იურისტ ავთანდილ ჯაფარიძესთან ერთად შეხვედრას უძღვებოდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს უფროსი რომან კედია და სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის იურისტი (LAG Consortium) რუსუდან პაჭკორია. შეხვედრაზე განხილული იყო „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის კუთხით კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში შეტანილი ცვლილებები. ასევე ქალბატონმა რუსუდანმა ისაუბრა ევროსაბჭოს კონვენციაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე. „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ 25 ნოემბერს დაიწყო, 10 დეკემბრამდე გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. კამპანია დაარსდა ქალთა ლიდერობის პირველი ინსტიტუტის მიერ, ქალთა გლობალური ლიდერობის ცენტრის დაფინანსებით. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ძალზედ საინტერესოდ ჩაიარა.
მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას ძალადობის წინააღმდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0