მე დიდი ხანია ვამბობ და ვეუბნებოდი ჩვენს უკრაინელ მეგობრებსაც, რომ სააკაშვილთან სჯობს ფრთხილად იყოთ-თქო

11/09/2017

”მე დიდი ხანია ვამბობ და ვეუბნებოდი ჩვენს უკრაინელ მეგობრებსაც, რომ სააკაშვილთან სჯობს ფრთხილად იყოთ-თქო. სააკაშვილი ჩამოყალიბდა ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტად, რომელსაც ერთადერთი რამ ამოძრავებს, საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება და ამისთვის მზად არის ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდეს – ოჯახის წევრების მსხვერპლად შეწირვასა და ქვეყნების მსხვერპლად შეწირვაზე. მე ყველაზე მეტად მაშფოთებს შესაძლო პრობლემები, ისედაც პრობლემებით სავსე უკრაინაში. ამ პრობლემებიდან განსაკუთრებით მაშფოთებს უკრაინა-პოლონეთის ურთიერთობების საკითხი, რომელიც საკმაოდ რთულია და დღემდე საკმაოდ მძიმე საკითხებს მოიცავდა. ამ უპასუხისმგებლო ქმედებებით შესაძლოა ამ მიმართულებებითაც შეიქმნას გართულებები. მე არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება მოხდეს იმისთვის, რათა დავინახოთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უშრეტი ენერგია საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ყველაფრის გაწირვისთვის”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისვე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ არის უნიკალური მოვლენა, მას ჰყავს წინამორბედები და თანამედროვეები სხვადასახვა ქვეყნებში.
”სააკაშვილი არ არის უნიკალური მოვლენა, მას ჰყავს ბევრი წინამორბედი სხვა ქვეყნებში და სხვა ერებში, ასევე თანამედროვეებიც, მაგალითად ვოლსკი. გვარით ვოლსკია, მაგრამ არსით სააკაშვილია პოლონეთში”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, დიდი შეცდომა იქნება თუ ქართველი ხალხი არჩევნებზე სააკაშვილისა და ივანიშვილის დაპირისპირების ფონზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
”ადგილობრივი არჩევნების თემატიკა არის მნიშვნელოვანი. ის ვიცი, რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნება თუ ქართველი ხალხი კვლავ ამ მოჯადოებულ წრეებში მოექცევა და მიშა-ბიძინას დაპირისპირების ფონზე მოხდება გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0