მზად ვართ ვიმუშაოთ იმ პრინციპით, რომ მივიღოთ უკეთესი მოდელი

24/02/2017

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ კანონპროექტის და მისი თანამდევი კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მწვავე დისკუსიის ფონზე მიმდინარეობდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თამჯდომარე ეკა ბესელია: „მზად ვართ ვიმუშაოთ იმ პრინციპით, რომ მივიღოთ უკეთესი მოდელი, უფრო უკეთესი ფორმულირებები, უფრო გავაძლიეროთ სტანდარტი. ამისთვის სამუშაო ჯგუფის ფორმატშიც გახსნილი ვიყავით ყველასთნ სასაუბროდ. აღსანიშნავია, რომ ჩვენ კონსულტაციები დავიწყეთ ბევრად ადრე, ვიდრე განხილვები დაიწყებოდა პარლამენტში, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ საკმაოდ შეზღუდული დრო მოგვცა, ამიტომაც ცოტა უფრო სწრაფად გვიწევს საკითხების გავლა, რადგან მარტის ბოლომდე კანონი უნდა იყოს მიღებული, ამოქმედებული და სისტემა იყოს გამართული“.
კომიტეტმა მუხლობრივად განიხილა პაკეტში შემავალი თექვსმეტი კანონპროექტი. გამოითქვა შენიშვნები საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან. კანონპროექტის ავტორებმა ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და დავით მათიკაშვილმა უპასუხეს კოლეგების შეკითხვებს.
შვიდსაათიანი განხილვის შემდეგ, გაიმართა კენჭისყრა. კანონპროექტთა პაკეტს ერთობლივად უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რომლებიც განხილვისას იყო გამოთქმული.
პარლამენტი კანონპროექტთა პაკეტს მეორე მოსმენით 24 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
კომიტეტის სხდომაზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის -საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ კანონპროექტის და მისგან გამომდინარე კანონპროექტების თაობაზე ალტერნატიული წინადადება წარმოადგინეს საპარლამენტო უმცირესობის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა. სხდომის დასასრულს, უმცირესობის წევრმა, ირაკლი აბესაძემ კომიტეტს მუხლობრივად გააცნო წარმოდგენილი წინადადება.
ალტერნატიულ წინადადებას კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.
კანონპროექტთა პაკეტის განხილვაში, მონაწილეობდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპერატორი კომპანიების „მაგთის“, „ჯეოსელის“, „ბილაინის“ და „სილქნეთის“ ხელმძღვანელები და თანამშრომლები, მცირე და საშუალო კომპანიების წარმომადგენლები, უსაფრთხოების სამსაახურის ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის იურისტი. მათ ძირითადად იმ ვალდებულებებზე იმსჯელეს, რომელიც კანონპროექტით კომუნიკაციების კომპანიებს ეკისრებათ. ისაუბრეს ტექნიკური ხასიათის საკითხებთან დაკავშირებით, თუ რა დეტალების კიდევ უფრო დახვეწა იქნებოდა სასურველი და შესაძლებელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0