მზის ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენება – ინოვაციური ტექნოლოგიები ბოლნისის მუნიციპალიტეტში

23/06/2016

ბოლნისის ენერგეტიკული განვითარების გეგმით ,,მერების შეთანხმების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცენტრალიზებული მზის ენერგოფერმის მოწყობა იგეგმება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 21 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა მდგრადი განვითარების პროექტ რემისიის სუბკონტრაქტორ კომპანია „ახალი ტექნოლოგიების ცენტრ“-ის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ზაალ ხელაძის მიერ წარმოდგენილი იქნა საპროექტო წინადადება, რომელიც თანხების მოზიდვის პროცესშია და მალე დაფინანსდება დონორი ორგანიზაციის მიერ.
ქ. ბოლნისის მუნიციპალურ საკუთრებაში მყოფ შენობებს – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, #3 საბავშვო ბაღი, კულტურის სახლი – გააჩნია დამაკმაყოფილებელი ლოკაცია სოლარული ენერგიის ფერმიდან წარმოებული ენერგიის მიღების, ეფექტური შიდა ელ.ქსელის მოწყობისათვის. 15 კვტ. დადგმული სიმძლავრის მზის ენერგო ფერმის მოწყობა ელ.ენერგიის მიწოდებას და კოლექტორული მართვის და მონიტორინგის სისტემების ორგანიზებას გულისხმობს. ასეთი ჩართვის სისტემა საშუალებას იძლევა ეფექტურად განაწილდეს გენერირებული ენერგია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებს შორის. შედეგად საბავშვო ბაღში მოხმარებული ელ. ენერგია სრულად დაფარული იქნება სოლარული ფერმიდან წარმოებული ენერგიით, ხოლო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოხმარებული ენერგიის ნაწილი ჩანაცვლდება მზის ფერმაში წარმოებული ენერგიით.
პროექტის ფარგლებში ქ. ბოლნისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს N3 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაციას მისი დაბალემისიური სტატუსის მიღწევისათვის. ამასთანავე მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებულებას, მოაწყოს გარე ქსელები ელ. ენერგიის ტრანსპორტირების მიზნით სამ მუნიციპალურ შენობამდე (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია 4000კვ.მ., საბავშვო ბაღი 850კვ.მ., კულტურის სახლი 3100კვ.მ.). პროექტ რემისიის მიერ დასრულებულია საგრანტო წინადადების მომზადება. მიმდინარეობს ფანდრაიზინგი 50 000 აშშ დოლარის მოძიებისათვის, რომელიც სრულად დაფარავს მზის ფერმის ორგანიზების ღირებულებას.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცენტრალიზებული მზის ენერგოფერმის მოწყობა უახლეს პერიოდში დაიწყება და რამდენიმე თვეში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0