მთავრობის თავმჯდომარემ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

03/03/2017

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან, საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ქობულეთის ნაპირსამაგრი და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ქობულეთში ერთდოულად სკვერების მოწყობის და ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ზურაბ პატარაძეს ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ მიაწოდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში წელს ქობულეთში ოთხი ახალი სკვერი მოეწყობა. ახალი სკვერები 9 აპრილის, ლესელიძის ქუჩებზე და აღმაშენებლის გამზირზე (2 სკვერი) განთავსდება. სკვერებში მოეწყობა მწვანე ზოლი, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება ბილიკები, სადაც განათების სისტემა და დეკორატიული სკამები დამონტაჟდება. ღონისძიების განსახორციელებლად გამგეობა 508 000 ლარს დახარჯავს. სამუშაოებს შპს „ჯორჯიან სტოუნი“ აწარმოებს. სამუშაოების დასრულება ივლისის თვეში იგეგმება. რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ქუჩის კეთილმოწყობის მიზნით ერთობლივად რამდენიმე ინფრასტრუქტურული ღონისძიება მიმდინარეობს. ქუჩის სავალი ნაწილისა და ტროტუარების კეთილმოწყობის პარალელურად დაწყებულია ჩიხების რეაბილიტაციაც. პროექტის ფარგლებში ქუჩის ტროტუარები (ვერულიძის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის პირველი შესახვევის გადაკვეთამდე მონაკვეთი) დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ასევე მოეწყობა ბორდიულები და გაკეთდება შეჭრები სანაგვე ყუთების განსათავსებლად და ავტობუსების გაჩერებისთვის. სამუშაოების დასრულება ივლისის თვეში იგეგმება. პროექტის განსახორციელებლად 176 300 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ჯორჯიან სტოუნი“ აწარმოებს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში აღმაშენებლის ქუჩის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები, ქუჩის სავალ ნაწილზე დეკორატიული ფილები დაიგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი დამონტაჟდება. ქუჩის კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 276 600 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია „ჯორჯიან სტოუნი“ აწარმოებს. ინფრასტრუქტრული პროექტი ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0