მთაწმინდის პანთეონში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა

23/04/2017

თბილისში წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ახალი ტრადიცია დაინერგა. წელს პირველად, წიგნის დღე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში აღინიშნა, სადაც თანამედროვე ქართველმა მწერლებმა პანთეონში დაკრძალულ ავტორებსა და მათ წიგნებზე ისაუბრეს. წიგნის დღისადმი მიძღვნილი საღამოს ორგანიზატორები არიან თბილისის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, გამომცემლობები „არტანუჯი“ და „ინტელექტი. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი დაესწრო. „დღეს ძალიან განსხვავებული და საინტერესო დღე არის მთაწმინდის პანთეონში, სადაც ყველასთვის ცნობილი ქართველი მწერლები საუბრობენ პანთეონში განსვენებული ცნობილი ადამიანების შემოქმედებაზე. ეს არის ძალიან კარგი გზა იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, ამოვიდეთ პანთეონში და თბილისს ზემოდან გადავხედოთ და, მეორე მხრივ, ვისაუბროთ იმ თემებზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან საინტერესო და ახლობელია“, – განაცხადა ნინა ხატისკაცმა. წიგნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება რატი ამაღლობელის მიერ გალაკტიონზე საუბრით დაიწყო და ეთერ თათარაიძის ვაჟა-ფშაველაზე წაკითხული ლექციით დასრულდა. ლევან ბერძენიშვილმა და დავით ტურაშვილმა მიხეილ ჯავახიშვილისა და ბაჩანა ბრეგვაძის შემოქმედებაზე ისაუბრეს. აკაკი წერეთლისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ ლექციები კი გიორგი კეკელიძემ და სანდრო ლორთქიფანიძემ წაიკითხეს. ლექციების პარალელურად, მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე სპეციალური ფასდაკლებით წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. დაინტერესებული სტუმრებისთვის, თავისუფლების მოედნიდან პანთეონის მიმართულებით, უფასო ავტობუსი მოძრაობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0