მთელი საქართველოს მასშტაბით მინდა ვუსურვო ჩვენს გუნდს გამარჯვება

20/10/2017

ძვირფასო თბილისელებო, მოგესალმებით ყველას!
ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანია დიდი წარმატებით მიუახლოვდა იმ დასასრულს, რომელიც უზრუნველყოფს ხვალინდელი არჩევნების წარმატებით ჩატარებას.
რა თქმა უნდა, ჩვენ აქ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ჩვენი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ კახა კალაძეს და „ქართული ოცნების“ გუნდს. ჩვენ ყველანი და არა მხოლოდ აქ მყოფნი, საქართველოს მოსახლეობა, თბილისელები, დარწმუნებულნი ვართ, რომ კახა აუცილებლად გაიმარჯვებს, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და, რა თქმა უნდა, ამით ჩვენი თბილისი და ჩვენი საქართველო გაიმარჯვებს.
დღეს თბილისს სჭირდება სწორედ ასეთი მერი, სწორედ ასეთი ადამიანი, ასეთი წესიერი, ასეთი პროფესიონალი, ასეთი თანამედროვე ხედვებისა და ძალიან მასშტაბური გეგმების მქონე ადამიანი, ასევე, ძალიან პრინციპული და დარწმუნებული ვარ, კახა გაამართლებს ყველაზე მაღალ მოლოდინებს, რომელიც დღეს თბილისელებს აქვთ.
აუცილებლად აღნიშვნის ღირსია, რომ ჩვენს ქვეყანაში, „ქართული ოცნების“ პირობებში უკვე ტრადიციად იქცა წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდობიანად, გამჭვირვალედ ჩატარება და ყოველი შემდგომი არჩევნები კიდევ უფრო მეტი პოზიტივით არის სავსე.
მთელი ჩვენი კამპანია ჩატარდა და მთელი კამპანია კახამ ჩაატარა პოზიტიური მესიჯებით – ის მხოლოდ და მხოლოდ დადებითზე, პოზიტივზე და მომავალზე იყო ორიენტირებული. სწორედ ასეთი იქნება ჩვენი თბილისი, ასეთი დადებითი და ასეთი სიცოცხლით სავსე. მაგრამ, ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს კიდევ ერთი რამ გახდა ძალიან თვალში საცემი – ეს არის ის უდიდესი უპირატესობა, რომელიც კახას გააჩნია ყველა დანარჩენ კანდიდატთან მიმართებაში. მინდა, კახას მივულოცო ეს უდიდესი წარმატება. თბილისელებმა დაინახეს ეს ძალიან დიდი პოზიტიური განსხვავება – თავისი პროფესიონალიზმით, მომზადების დონით, მასშტაბურობით, კახა ბევრად აღემატება ყველა დანარჩენ კონკურენტს. ძალიან ბევრი შრომა გასწია კახამ იმისათვის, რომ თითოეული თბილისელის გულამდე მიეწვდინა ხმა და, რა თქმა უნდა, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ხმა აუცილებლად იქნება გამოხატული. მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველა თბილისელს, ყველა ამომრჩეველს, კახას სჭირდება ძლიერი მანდატი იმისათვის, რომ ის მასშტაბური გეგმები აუცილებლად განახორციელოს. ეს ძლიერი მანდატი მხოლოდ და მხოლოდ მიიღწევა თითოეული თქვენგანის მიერ თქვენი წილი მანდატის კახაზე გადაცემით ხვალ, არჩევნების დღეს. მინდა გთხოვოთ, ყველა თქვენგანმა გამოხატოს ის ნება, რომელიც კახას მისცემს საშუალებას, თბილისი ჭეშმარიტად გადაიქცეს სინათლის, სიცოცხლით სავსე ქალაქად. დარწმუნებული ვარ, ეს ასე მოხდება.
მე ასევე დარწმუნებული ვარ და მთელი ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ მთელი საქართველოს მასშტაბით სარგებლობს მოსახლეობის დიდი ნდობით. ეს ნდობა ხვალინდელ დღეს, არჩევნების დღეს აუცილებლად უნდა გარდაიქმნას ძლიერ მანდატად მთელი ჩვენი გუნდისთვის. მთელი საქართველოს მასშტაბით მინდა ვუსურვო ჩვენს გუნდს გამარჯვება; უპირველეს ყოვლისა, ჩვენს კახა კალაძეს მინდა ვუსურვო ძლიერი, რა თქმა უნდა, პირველივე ტურში გამარჯვება იმისათვის, რომ თბილისი გახდეს ჭეშმარიტად სიცოცხლით სავსე ქალაქი.
დიდი მადლობა ამ ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის!

Tweet about this on TwitterShare on Facebook0