მთელმა ქართული ოცნების გუნდმა წაახალისეთ ძალადობა

21/12/2017

”ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხელების ბრახუნით და შეძახილებით შეხვდნენ. ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრი მასთან გუშინდელი დაპირისპირების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ბიძგი მისცა ძალადობას.

”ის, თუ როგორ იქცევით ახლა ამ დარბაზში, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აბსოლუტურად შორს არის თქვენი პოლიტიკური გუნდი პასუხისმგებლობისგან. ერთი პეტარდები არ გისვრიათ, საიდანაც ზიხართ. იმასაც ვფიქრობდი, აქვს აზრი საერთოდ მოგმართოთ, რაც იკადრა თქვენი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა?! გუშინდელი დღე არაფერია დღევანდელთან შედარებით. მთელმა ქართული ოცნების გუნდმა წაახალისეთ ძალადობა და ღირსების დაცვის ეგიდით რეალურად ახალი ბიძგი მიეცით დაპირისპირებას და ურთიერთქიშპობას ამ ქვეყანაში. ქალბატონი ეკა ბესელია საუბრობდა, რომ ღირსება არის უმნიშვნელოვანესი და ღირსება უნდა დაიცვას მათ შორის პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 10 მკვლელიდან 8 მკვლელი იძახის, ღირსება რომ დავიცავი, იმიტომ ჩავიდინე მკვლელობა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე როდესაც გამოდის და მოუწონებს საქციელს პრემიერს, რომელიც საღი აზრისგან საერთოდ შორს არის, მიანიშნებს იმაზე, რომ ხვალინდელი და ზეგინდელი დღე ამ ქვეყანაში იქნება უმძიმესი. ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება. თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრი, ბატონი ოქიტაშვილი ფიზიკურად დაუპირისპირდა პირდაპირ ეთერში ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს. ბატონო გიორგი, თქვენ მიეცით ამის მაგალითი და თქვენ დაუდეთ სათავე. თქვენს ადგილზე არ მოვიდოდი აქ და დავწერდი განცხადებას და წავიდოდი. ვერ აცნობიერებთ, რას დაუდეთ სათავე. ხვალინდელი და ზეგინდელი დღე შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს თქვენს პოლიტიკურ გუნდს”, – განაცხადა მელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0