მიმდინარე წელი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი

15/12/2023

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „500 სტარტაპის დემო დღის“ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და აქსელერაციის პროგრამის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და ბიზნეს-სექტორს სიტყვით მიმართა. მინისტრმა ისაუბრა როგორც ამ პროგრამის მნიშვნელობაზე, ისე ზოგადად ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, სტარტაპ ეკოსისტემის ზრდისა და განვითარების აუცილებლობასა და ამ კუთხით სახელმწიფოს როლზე.

„500 სტარტაპთან“ ერთად უკვე მეხუთედ ვაკეთებთ აქსელერაციის პროგრამის დემო დღეს – როცა სტარტაპერებს საშუალება ეძლევათ, თავისი პროდუქტების და მიგნებების, კომპანიის შესახებ გააკეთონ პრეზენტაცია. მათ ასევე საშუალება აქვთ, ესაუბრონ უშუალოდ ინვესტორებს და, რა თქმა უნდა, იზრუნონ ფინანსების მოზიდვაზე იმისთვის, რომ ახალი კომპანიები, ინოვაციები წარმატებული იყოს და გლობალურ ასპარეზზე გავიდნენ“ – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

500 Global გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. ის ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. ამასთან, 500 Global აქტიურაად თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნის კუთხით, სადაც სტარტაპებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობა ექნებათ.
საქართველოში ჩატარებული 5 ნაკადის ფარგლებში, 60-ზე მეტ სტარტაპს ჰქონდა ინტენსიური აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის საშუალება, მათ შორის ადგილობრივი სტრატაპ-კომპანიების გარდა იყვნენ სტარტაპები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ლიეტუვადან და სხვა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა სტარტაპ-სისტემის გასავითარებლად წლების განმავლობაში თანმიმდევრულად მუშაობს.

„მიმდინარე წელი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი – კერძო ინვესტორებთან ერთად უკვე ვენჩურული ფონდი დავაფუძნეთ, სადაც ასევე პროფესიონალი მმართველი კომპანია გვყავს იმისთვის, რომ სტარტაპ კომპანიებმა არამხოლოდ უცხოეთში სცადონ დაფინანსების მოზიდვა, არამედ საქართველოშიც. და, რა თქმა უნდა, ასევე მიეცეთ შესაძლებლობა, რომ მათი წამოწყებები უფრო წარმატებული იყოს“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, როგორც ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს ტექნოლოგიების და ინოვაციების მხარდაჭერას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ტრანსფორმაციისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0