მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა, ელექტროენერგია და გაზით მომარაგება შეუფერხებლად მუშაობს და ასეც იქნება

21/03/2020

მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ ელექტროენერგია და გაზით მომარაგება გახლავთ ე.წ. კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც ყოველთვის შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს ნებისმიერ ვითარებაში და ეს ასეც იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გამართული ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ენერგოსისტემა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და სრულად გამართულია. ნათია თურნავას განცხადებით, იგივე შეეხება გაზის მომარაგებას სისტემას – იქნება ეს სახელმწიფო გაზის ტრანსპორტირების კომპანია თუ კერძო გაზგამანაწილებელი კომპანიები.

„ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მინდა, რომ საყოველთაო მოწოდებას შევუერთდე და განვაცხადო – ქალბატონებო, ბატონებო, დავიცვათ სიფრთხილე, დავიცვათ მედიკოსთა რეკომენდაციები, მშვიდად დარჩით სახლში და ჩვენ, ჩვენი ენერგეტიკოსები ვიმუშავებთ თქვენთვის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0