მინდა, დავით ნარმანიას გადავუხადო დიდი მადლობა მის მიერ გაწეული სამუშაოსთვის

10/11/2017

მინდა, დავით ნარმანიას გადავუხადო დიდი მადლობა მის მიერ გაწეული სამუშაოსთვის. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ის ამ წლების განმავლობაში, ზედმეტი ხმაურის გარეშე, ძალიან დიდი ოპოზიციური წნეხის ქვეშ, ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს. დღეს მან წარმოადგინა ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაცია, თუ რა გაკეთდა ჩვენს დედაქალაქში. მას ნამდვილად ბევრი აქვს საამაყო. არის უამრავი პროექტი, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეს ვიტყვი – ეს არის „ახალი ტფილისის“ პროექტი, სადაც 51 შენობა არა მხოლოდ ფასადურად, არამედ მთლიანად გარემონტდა, აქედან 45 იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი; ეს არის სრულიად ახალი აშენებული გზები, როგორიც არის კრწანისი-ტაბახმელას გზა, სამებიდან მახათასკენ მიმავალი სრულიად ახალი გზა; ეს არის სრულიად ახლად რეაბილიტირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი გამზირი, მათ შორის, პეკინის გამზირი და პუშკინის ქუჩაზე აღდგენილი ორმხრივი მოძრაობა და ესტაკადა, რომელიც იქ დამონტაჟდა; ეს არის დახურული ბაღების ნაცვლად ახალი გახსნილი ბაღები, 12 ახალი ბაღი გაიხსნა და ბევრია მშენებლობაში; ეს არის ეკოლოგიურად გაცილებით უფრო სუფთა, ახალი კომფორტული ტრანსპორტი და ა.შ.
მე მინდა მადლობა გადავუხადო მას, ვუსურვო მომავალ საქმიანობაში ბევრი წარმატება და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ცხოვრება წინ მიდის და, რა თქმა უნდა, ყველანი ველოდებით სრულიად საფუძვლიანად, რომ კახი კალაძის მერობა იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი თბილისისთვის და ეს ასეც იქნება. რა თქმა უნდა, კახის წარმატება ყველაზე მეტად, დარწმუნებული ვარ, დავითს გაუხარდება, იმიტომ რომ ის არის კარგი ადამიანი. დავით ნარმანია დარჩება ჩვენი გუნდის წევრად და განიხილება სხვადასხვა ვარიანტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0