მინისტრებმა სამცხე-ჯავახეთში ტურისტული ობიექტები მოინახულეს

10/05/2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ის ტერიტორიები დაათვალიერეს, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მთავრობის წევრებმა კონკრეტულ გეგმებზე იმსჯელეს.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრებმა ფოკის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურების ცენტრი, ვარძიისა და ხერთვისის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა, ჭაჭკარი და აწყურის ღვთისმშობლის კათედრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
მაია ცქიტიშვილმა და ლევან დავითაშვილმა, მხარის გუბერნატორთან ერთად, ფარავნისა და საღამოს ტბისთვის დამახასიათებელი იხტიოფაუნის სახეობების აღდგენის და სპორტულ-სამოყვარულო მეთევზეობისა და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
მინისტრების განცხადებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, როგორც დაცულ ტერიტორიების ფარგლებში, ისე სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებზე ინფრასტრუქტურის მოწყობას უკავშირდება.

„ინფრასტრუქტურის მოწყობით, ჩვენ შევძლებთ დამატებითი შემოსავლები გავუჩინოთ ადგილობრივ მოსახლეობას. ვიზიტორებისთვის და ტურისტებისთვის დაცული ტერიტორიები გავხადოთ უფრო მიმზიდველი და საინტერესო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დაცვის მინისტრთან ერთად დავათვალიერეთ სხვადასხვა ობიექტი. უწყებების თანამშრომლობით შევძლებთ, ხელი შევუწყოთ რეგიონულ განვითარებას, შევქმნათ შემოსავლის მიღების ახალი წყაროები“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

„მნიშვნელოვანია საღამოს ტბის და ფარავნის ტბის პოტენციალის შესწავლა და განხილვა, თუ რამდენად შესაძლებელია ისინი ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს დაემატოს. ეს იქნება ერთ-ერთი მიმართულება სოფლის განვითარების კუთხით, მეორე მხრივ, პროექტები, რომელიც მეცხოველეობის განვითარებას, მევენახეობას და იმ მიმართულებებს უკავშირდება, რომლის პოტენციალიც კონკრეტულ რეგიონში არსებობს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის წევრებმა, ფოკის დედათა მონასტერს, აქაური კლიმატის გათვალისწინებით, ყინვაგამძლე სახეობის ნერგები, კერძოდ, არყის ხე, ევროპული ნაძვი და ჩრდილოური ფიჭვი გადასცეს საჩუქრად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0