მინისტრის მოადგილემ დაღუპული მაშველის ხსოვნას პატივი მიაგო

13/06/2017

შს მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრის მოადგილემ სოფელ აღაიანში გმირი მაშველის მემორიალი და საფლავი გვირგვინით შეამკო.
ღონისძიებას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები და ზურაბ მუზაშვილის მამა ესწრებოდნენ.
ზურაბ მუზაშვილმა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს 8 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თავად კი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა. გმირი მეხანძრე-მაშველი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით – „სამოქალაქო თავდადებისთვის“. სახელმწიფო ჯილდო დაღუპული მაშველის მამას გადაეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0